saqarTvelos qedebi - lixis qedi

უმაღლესი წერტილი რიბისი
კოორდინატები 42°11`54` ჩ. გ. 43°29`54` ა. გ.
სიმაღლე 2470 მ
სიგრძე 102 კმ

 

ისტორიული სახელწოდება: სურამის ქედი.

კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელი სუბმერიდიანული ქედი, რომელიც საქართველოს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად (ძვ. წყაროებით „ლიხთიმერად“ და „ლიხთამერად“). ლიხის ქედი კასპიისა და შავი ზღვების წყალგამყოფია. შუა მონაკვეთი ტექტონიკურად ეკუთვნის ძირულის კრისტალურ მასივს, ჩრდილოეთი - კავკასიონს, სამხრეთი - მცირე კავკასიონს. ქედის სიგრძე ერწოს უღელტეხილიდან ლომისმთამდე 102 კმ-ია. აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს 900-2471 მ ფარგლებში. მწვერვალებიდან აღსანიშნავია: ალხაშენდა (2319 მ), რიბისი (2470 მ), ბილურთა (2166 მ), რუსთავი (1926 მ), ლოხონი (1925), შვილდისი (1443 მ), კაპრებისმთა (1177 მ), ედისჯვარი (1320 მ), საბუეთი (1248 მ), წაქვა (1220 მ), ვირიგვერდი (1644 მ); უღელტეხილებიდან - ჯვარი (936 მ), რიკოთი (999 მ), ფონა და სხვა.

ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ კოლხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ - ქედის აღმოსავლეთ კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). განაპირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპური და ალპური მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენური წარმოშობისაა. ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და რიკოთქვეშა საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის ხაშური-ზესტაფონის და გომი-საჩხერის საავტომობილო გზები.